
ფოტო: კახა კუპატაძე
უკვე რამდენიმე საათია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სალაფიტური თემის წარმომადგელებს ხვდება. შეხვედრა, რომელიც სოფელ დუისის მეჩეთში მიმდინარეობს მედიისთვის დახურულია.
გავრცელებული ცნობით, სულხან სალაძეს, პანკისის იმამ ბექხან ფარეულიძესა და ადგილობრივებს შორის განსახილველი თემა გასული წლის 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაცია და სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეა.
პანკისის იმამის წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ პროცესს ობიექტური მსვლელობა ექნება. რაც შეეხება აქციების გამართვას ან სხვა რადიკალური ზომების მიღებას, მუსა პანკისელი მხოლოდ იმას ამბობს, რომ ისინი კანონის ფარგლებში იმოქმედებენ. ამის თაობაზე იმამის წარმომადგენელმა გუშინ განაცხადა.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი გუშინ სოფელ დუისში დაკრძალეს. ის გასული წლის 26 დეკემბერს, სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაიჭრა. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სუსის ცნობით, პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ხუთი მოქალაქე დაეხმარა აჰმედ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლაში. მათივე განცხადებით, დაკავებული პირები თბილისში 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე.
სრულად