დევნილთა 89% ფიქრობს, რომ საცხოვრებლით დაკმაყოფილების შემდეგაც უნდა იღებდნენ შემწეობას

გალში, ზუგდიდსა და ფოთში გამოკითხულთა უმრავლესობა დევნილის შემწეობის შენარჩუნებას ითხოვს. ამის შესახებ „ლაივპრესი“ წერს.

დევნილთა შემწეობის საკითხის რეფორმის მიმართ იძულებით გადაადგილებული პირების დამოკიდებულებასა და იმაზე, თუ რა მიზნებისთვის ხარჯავენ ისინი კუთვნილ თანხას, კვლევა ორგანიზაცია „საუნჯემ“ ჩაატარა.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულ დევნილთა 84,3%-ს არ აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი. შემწეობის თანხა 0,9%-სთვის 360 ლარია, 0,4%-სთვის 315, 270 ლარი 1,3%-ისთვის, 23%-სთვის 180. დანარჩენებისთვის 135, 90 და 45 ლარი.

დევნილთა 68,9% თანხას საკვებ პროდუქტებში ხარჯავს, 22,6% მედიკამენტში, 7,2% კომუნალურებში, მხოლოდ 1,3% განათლებაში.

გამოკითხულთა 65,1%-ის აზრით, შემწეობას ყველა დევნილი უნდა იღებდეს, დანარჩენი საპირისპირო აზრზეა.

კვლევის მონაწილე აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ყველა იძულებით გადაადგილებული პირი უნდა იღებდეს დევნილთა შემწეობას, ვისი განსახლებაც არ მომხდარა.

89,4%-ის აზრით, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული დევნილები მაინც უნდა იღებდნენ დახმარებას. დანარჩენი პირიქით ფიქრობს.

რომელ ალტერნატივას მიიჩნევენ სამართლიან მიდგომად, გამოკითხულთა 27,2% უპირატესობას მოქმედი 1250-ლარიანი ზღვრული თანხის დაწევს ანიჭებს. კერძოდ, ვისაც უფრო მეტი შემოსავალი ექნება, მან შემწეობა არ უნდა მიიღოს.

კვლევა მომზადდა 'საუნჯეს' პროექტის - 'მოქალაქეთა ჩართულობა დევნილის შემწეობის რეფორმის პროცესში' ფარგლებში, ლტოლვილთა დანიის საბჭოს და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდის მხარდაჭერით.

ამ ეტაპზე სახელმწიფოს მხრიდან რეფორმის ოთხი ალტერნატივაა შემუშავებული. მეოთხე მიდგომის თანახმად, დევნილებს, რომლებიც დაკმაყოფილდნენ გრძელვადიანი განსახლებით, მოეხსნებათ 45-ლარიანი ყოველთვიური დევნილის შემწეობა, დანარჩენებს შეუნარჩუნდებათ.


სრულად