ანა ნაცვლიშვილის პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად წარდგენას უმრავლესობაში აფასებენ





ანა ნაცვლიშვილი




საპარლამენტო უმრავლესობაში ანა ნაცვლიშვილის პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად წარდგენას აფასებენ. გიორგი კახიანი იმედს გამოთქვამს, რომ ნაცლიშვილი წინამორბედისგან განსხვავებით არაპოლიტიზებული იქნება და აქცენტს იურიდიულ და სამართლებრივ საკითხებზე გააკეთებს."ქალბატონ ანას ვიცნობ, როგორც კვალიფიციურ იურისტს და მთავარი ესაა, რადგან მასთან მოგვიწევს თანამშრომლობა როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან. მე იმედი მაქვს, რომ იგი ბოლომდე იმ გზას არ გაუყვება, რასაც მისი წინამორბედი," - განაცხადა კახიანმა.



"მთავარია, მან გაიაზროს, რომ აღარ არის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და სტატუსი შეეცვალა. ადრე მას თუ ხელფასს საერთაშორისო ორგანიზაციები უხდიდნენ, ახლა ქართველი გადამხდელები გადაუხდიან. მან უნდა გაიაზროს, რომ სულ სხვა სტანდარტში ადის", - ასე გამოეხმაურა ანა ნაცვლიშვილის წარდგენას პრეზიდენტის საპარლამენტი მდივნის პოსტზე ლევან გოგიჩაიშვილი. 



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ანა ნაცვლიშვილთან თანამშრომლობა კონსტრუქციული იქნება. 



დღეს საქართველოს პრეზიდენტმა თავის საპარლამენტო მდივნად ანა ნაცვლიშვილი წარადგინა. 



შეგახსენებთ, რომ გუშინ გიორგი მარგველაშვილმა ყოფილი საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნა.


სრულად